Georgian Wings-ი 20 თებერვლიდან თბილისი-კიშინაუს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

19 თებ 2024
image

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, 20 თებერვლიდან, ყოველ სამშაბათს და შაბათს თბილისი -კიშინაუ-თბილისის მიმართულებით იწყებს სამგზავრო რეგულარულ ფრენებს. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე, მგზავრებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737 მოემსახურება.

მოლდოვას საერთაშორისო აეროპორტში Georgian Wings-ის პირველი საინაუგურაციო ფრენის საზეიმო ღონისძიება დაგეგმილია მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიერ, ქართული და მოლდოვური ტრადიციების შესაბამისად.

,,მოლდოვის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დიდმა დაინტერესებამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება თბილისი- კიშინაუ-თბილისის საჰაერო ხაზზე 20 თებერვლიდან, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს შევასრულოთ სამგზავრო რეგულარული ფრენები. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საქართველოსა და მოლდოვას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ ორმხრივად, როგორც ტურიზმი, ასევე ბიზნესი.“- აცხადებს ავიაკომპანიის პრეზიდენტი -შალვა კიკნაძე.

ავიაკომპანია, აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით, დამატებით ახალი სამგზავრო რეგულარული რეისების დანიშვნის თაობაზე. ახალი მიმართულება მიმდინარე თვის განმავლობაში იქნება ცნობილი საზოგადოებისათვის.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი 2023 წლის ივლისის თვიდან ასრულებდა სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმის, თბილისი- ბაქოს მიმართულებით.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის https://georgianwings.com/ მეშვეობით, ასევე ტურისტულ კომპანიებსა და ავია სალაროებში.