შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (ჯორჯიან ვინგზ)
წესები & პირობები – გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები
თბილისი, ივლისი 2023
მუხლი 1 – ტერმინთა განმარტება
მუხლი 2 – მოქმედების არე
მუხლი 3 – ავიაბილეთები
მუხლი 4 – ტარიფები და მოსაკრებლები
მუხლი 5 – ჯავშანი და ადგილების განაწილება
მუხლი 6 – რეგისტრაცია და ჩასხდომა
მუხლი 7 – გადაყვანა-გადაზიდვაზე შეზღუდვები და უარი
მუხლი 8 – ბარგი
მუხლი 9 - განრიგები, ფრენების შეფერხება და გაუქმება
მუხლი 10 - თანხის დაბრუნება
მუხლი 11 - ბორტზე ქცევის წესი
მუხლი 12 - დამატებითი მომსახურებები
მუხლი 13 - ადმინისტრაციული ფორმალობები
მუხლი 14 – პასუხისმგებლობა ზიანისთვის
მუხლი 15 – ჩარტერის რეგულაციები
მუხლი 16 - დამატებითი პირობები
მუხლი 1 - ტერმინთა განმარტება
ჩვენ – შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი.
შენ/თქვენ – ყველა პირი, ვინც არის მგზავრი (იხ. აგრეთვე, „მგზავრის“ განმარტება).
გაჩერების შეთანხმებული ადგილები - კონვენციისა და გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობების მნიშვნელობით, ადგილები, რომლებიც მითითებულია მგზავრის ავიაბილეთზე ან ავიაგადამზიდველის განრიგში, როგორც მგზავრის მარშრუტის შესაბამისად მიწაზე დაშვების ადგილები, გარდა გაფრენისა და დანიშნულების ადგილებისა.
ბარგი - თითოეული ნივთი, რომელიც განკუთვნილია თქვენ მიერ თქვენივე მიზნებისთვის გამოყენებისთვის. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მითითებული ტერმინი მოიცავს მგზავრის როგორც რეგისტრირებულ, ასევე, არარეგისტრირებულ ბარგს.
საბარგო საიდენტიფიკაციო საჭდი - რეგისტრირებული ბარგის იდენტიფიკაციისთვის ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტი.
საბარგო ქვითარი - თქვენი ავიაბილეთის ნაწილი, რომელიც ეხება თქვენი რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვას.
ჯავშანი - დაგეგმილი გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ სრული ინფორმაცია.
ჩასხდომის ბარათი - მგზავრის რეგისტრაციის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მგზავრს შეუძლია, ავიდეს ბორტზე და დაიკავოს თვითმფრინავში განსაზღვრული ადგილი.
ავიაგადამზიდველი - ავიაგადამზიდველი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრებისა და მათი ბარგის გადაყვანა-გადაზიდვას და რომლის საავიაციო კოდიც დატანილია ავიაბილეთსა და გაერთიანებულ ბილეთზე.
რეგისტრირებული ბარგი - ბარგი, რომელსაც ჩვენ ვიბარებთ გადაზიდვისთვის და რომლისთვისაც გადმოგცემთ საბარგო ქვითარს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - ჩვენ ან შესაბამისი ავიაგადამზიდველის მიერ განსაზღვრული დრო, როდესაც თქვენ დასრულებული უნდა გქონდეთ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და ფლობდეთ ჩასხდომის ბარათს.
გადაყვანა-გადაზიდვის პირობები – ეს წესები & პირობები – გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები.
ხელშეკრულების პირობები - ავიაბილეთზე ან ავიაბილეთის სამარშრუტო ქვითარზე დატანილი პირობები, ხელშეკრულების პირობები მოიცავს გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობებს, ავიაგადამზიდველის შეტყობინებებსა და ავიაგადამზიდველის მიერ გამოქვეყნებულ ყველა სხვა რეგულაციას.
გაერთიანებული ბილეთი - მგზავრზე გაცემული ავიაბილეთი სხვა ავიაბილეთთან ერთობლიობაში, რაც ერთად წარმოადგენს გადაყვანა-გადაზიდვის ერთ ხელშეკრულებას.
კონვენცია – აღნიშნავს ქვემოთ მოცემულთაგან შესაბამისს, რომელიც ვრცელდება გადაყვანა-გადაზიდვაზე:
- კონვენცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებული ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ, ხელმოწერილი 1929 წლის 12 ოქტომბერს ვარშავაში;
- ვარშავის კონვენცია 1955 წლის 28 ოქტომბრის ცვლილებებით;
- ვარშავის კონვენცია მონრეალის №1 დამატებითი ოქმით შეტანილი ცვლილებებით (1975);
- ვარშავის კონვენცია ჰააგის ოქმითა და მონრეალის №2 დამატებითი ოქმით შეტანილი ცვლილებებით (1975);
- გვადალახარის კონვენცია (1961);
- კონვენცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ, ხელმოწერილი 1999 წლის 28 მაისს მონრეალში (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მონრეალის კონვენცია“).
ზიანი - მგზავრის გარდაცვალება ან სხეულის დაზიანება საჰაერო ხომალდის უბედური შემთხვევის (მათ შორის, აფრენისას ან მიწაზე დაშვებისას) შედეგად; ბარგის გადაზიდვისას ან ავიაგადამზიდველის მეთვალყურეობის ქვეშ არსებული ბარგის დაკარგვა, ნაწილობრივი ან სრული განადგურება ან ბარგის სხვა ნებისმიერი დაზიანება; ზიანი, რომელიც გამოწვეულია მგზავრის ან ბარგის შეფერხებით, ან სხვა ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვეულია ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანა/გადაზიდვით ან მის მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა მომსახურებით.
დღეები – კვირის შვიდივე დღე, მათ შორის უქმე დღეები და კვირა დღე. შეტყობინების მიზნებისთვის, დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება შეტყობინების გაგზავნის დღე. ავიაბილეთის მოქმედების ვადის განსაზღვრის მიზნებისთვის, დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება ავიაბილეთის გაცემის ან ფრენის შესრულების დღე.
ელექტრონული კუპონი - ფრენის ელექტრონული კუპონი ან მისი ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ინახება ჩვენი ჯავშნების სისტემაში.
ელექტრონული ბილეთი - ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით ჩვენს ჯავშნების სისტემაში შენახული ავიაბილეთი, რომელიც იდენტიფიცირებადია მგზავრისთვის გადაცემული ავიაბილეთის სამარშრუტო ქვითრით.
ტარიფი - კონკრეტულ მარშრუტზე მგზავრის ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრული თანხა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამტკიცებულია ან გამოქვეყნებულია კომპეტენტური საავიაციო ორგანოების მიერ.
ფორს-მაჟორი - ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებები, რომლებიც მიუხედავად ყველა გონივრული ზომის მიღებისა გარდაუვალ შედეგებს იწვევს.
ფრენის კუპონი - ელექტრონული კუპონი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმ ადგილებს შორის, სადაც კუპონით მინიჭებული გაქვთ მოგზაურობის უფლებამოსილება.
ავიაბილეთის სამარშრუტო ქვითარი – სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მგზავრის სახელსა და გვარს, ფრენის დეტალებსა და ყველა შესაბამის შეტყობინებას, რომელსაც ჩვენ გიგზავნით თქვენ. ავიაბილეთის სამარშრუტო ქვითარი ფრენის განმავლობაში მგზავრს შენახული უნდა ჰქონდეს და წარადგინოს მოთხოვნის შემთხვევაში.
მგზავრი - პირი რომელსაც აქვს ავიაბილეთი და, ჩვენი თანხმობის შესაბამისად, არის ან უნდა იქნეს გადაყვანილი საჰაერო ხომალდით.
სამგზავრო კუპონი ან სამგზავრო ქვითარი - ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით გაცემული ავიაბილეთის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად არის მონიშნული და ინახება მგზავრის მიერ.
სპეციალური დახმარების საჭიროების მქონე პირები - ცუდად მყოფი და მოძრაობის შეზღუდვის მქონე პირი.
ნასესხობის სპეციალური უფლება (SDR) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული ნასესხობის სპეციალური უფლება.
გაჩერება - მგზავრის მიერ მოთხოვნილი და ჩვენ მიერ წინასწარ დადასტურებული გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილებს შორის არსებული გაჩერება.
ტარიფები - გამოქვეყნებული საფასურები, მოსაკრებლები და დამატებითი გადასახადები, მათ შორის დამატებითი პირობები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებულია შესაბამისი ორგანოს მიერ ან წარდგენილია შესაბამის ორგანოში.
ავიაბილეთი - ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „ავიაბილეთისა და ბარგის ქვითარი“ ან „ელექტრონული ავიაბილეთი“; ხელშეკრულების პირობები და შეტყობინებები, ასევე, მათში შემავალი ფრენისა და სამგზავრო კუპონები ავიაბილეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
არარეგისტრირებული ბარგი – მგზავრის ბარგი, გარდა რეგისტრირებული ბარგისა.
მუხლი 2 – მოქმედების არე
ზოგადი დებულებები
2.1. გადაყვანა-გადაზიდვის ეს პირობები ვრცელდება ფრენებზე, რომლებსაც აქვთ საავიაცო კოდი D4.
ჩარტერული გადაყვანა-გადაზიდვა
2.2. თუ გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება ჩარტერის ხელშეკრულების შესაბამისად, წინამდებარე გადაყვანა-გადაზიდვის წესები გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც ისინი ჩართულია, მითითებით ან სხვაგვარად, ჩარტერის ხელშეკრულებით, ავიაბილეთით ან მე-15 მუხლის შესაბამისად ჩარტერის რეგულაციებით.
სამართლებრივი შეუსაბამობა
2.3. აღნიშნული ან მითითებული დებულებები არ გამოიყენება, თუ ისინი ეწინააღმდეგება მოქმედ კონვენციასა და კანონებს, მთავრობის რეგულაციებს, ბრძანებებს ან მოთხოვნებს, რომელთა უგულვებელყოფა მხარეთა შეთანხმებით არ დაიშვება. რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
პირობების უპირატესობა რეგულაციებთან მიმართებით
2.4. თუ წინამდებარე გადაყვანა-გადაზიდვის პირობებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მათ უპირატესობა ენიჭებათ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაის ნებისმიერ სხვა რეგულაციაზე, რომელიც იმავე საკითხს არეგულირებს.
მუხლი 3 – ავიაბილეთები
3.1. ზოგადი დებულებები
3.1.1. ავიაბილეთი ადასტურებს ავიაგადამზიდველსა და ავიაბილეთზე დასახელებულ მგზავრს შორის გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას. ავიაბილეთი არის და ყოველთვის რჩება ავიაბილეთის გამომშვები ავიაგადამზიდველის საკუთრებად. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხოლოდ ავიაბილეთზე დასახელებული მგზავრის გადაყვანას და მხოლოდ ძალაში მყოფი ავიაბილეთის წარდგენის შემთხვევაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გადავამოწმოთ თქვენი ვინაობა.
3.1.2. ავიაბილეთი არ არის გადაცემადი. თუ ავიაბილეთი წარდგენილია არა იმ პირის მიერ, რომელსაც უფლება აქვს, იქნეს გადაყვანილი ან მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ავიაბილეთზე დასახელებული პირის წინაშე ავიაგადამზიდველი პასუხს არ აგებს, თუ მან კეთილსინდისიერად გადაიყვანა ავიაბილეთის წარმდგენი პირი ან დაუბრუნა მას თანხა.
3.1.3. ავიაბილეთების თანხის დაბრუნება რეგულირდება ავიაბილეთების გაცემისას მოქმედი ტარიფის შესაბამისი დებულებებით. გთხოვთ, აირჩიოთ ავიაბილეთის ის ტარიფი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ასევე, მიზანშეწონილია მოგზაურობის გაუქმების დაზღვევის აღება.
3.1.4. თქვენ არ იქნებით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი თუ არ წარმოადგენთ მგზავრად იდენტიფიცირებისთვის სათანადო დოკუმენტებს და თქვენი, როგორც მგზავრის სახელზე გაცემულ მოქმედ ელექტრონულ ავიაბილეთს.
ავიაბილეთის მოქმედების ვადა
3.2.1. თუ ავიაბილეთზე, გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობებში, ან შესაბამის ტარიფებში (რომელმაც შესაძლოა, ავიაბილეთში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად შეზღუდოს ავიაბილეთის მოქმედების ვადა), სხვაგვარად არ არის მოცემული, ავიაბილეთი მოქმედია გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში, ან პირველი მოგზაურობიდან ერთი წლის მანძილზე, იმ პირობით, თუ ეს მოხდება ავიაბილეთის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში.
3.2.2. თუ ავიაბილეთის მოქმედების პერიოდში თქვენ ვერ ახერხებთ მოგზაურობას, რადგან ჩვენ ვერ ვადასტურებთ თქვენს ჯავშანს, ავიაბილეთის მოქმედების ვადა გაგრძელდება პირველ შესაძლო თარიღამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ თქვენი ჯავშანი, ან თქვენ წარმოგეშვებათ უფლება მე-10 მუხლის შესაბამისად მოითხოვოთ თანხის დაბრუნება.
მოქმედების ვადის გაგრძელება
3.2.3. თუ მოგზაურობის დაწყების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ავიაბილეთის მოქმედების ვადის ფარგლებში ვერ ახერხებთ მგზავრობას, ჩვენ ავიაბილეთის მოქმედების ვადას გაგიგრძელებთ იმ დრომდე, როდესაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ვადა გაგრძელდება მანამ, სანამ თქვენ იქნებით მოგზაურობისთვის შესაბამის მდგომარეობაში, როგორც ეს დადასტურებული იქნება სამედიცინო დოკუმენტით ან როგორც კი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ თქვენ შეგიძლიათ მოგზაურობა, იმ თარიღამდე, როდესაც ჩვენ შევძლებთ, შემოგთავაზოთ თქვენ მიერ დაჯავშნილი კლასით იმავე მარშრუტზე შემდეგი ხელმისაწვდომი ფრენა. თქვენი ცუდად ყოფნა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დოკუმენტით. როდესაც, ავიაბილეთზე მოცემული ფრენის ჯერ განუხორციელებელი ნაწილების მარშრუტი ერთ ან მეტ გაჩერებას მოიცავს, ავიაბილეთის მოქმედების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს სამი თვისა იმ თარიღიდან, რომელიც მითითებულია „ფრენისთვის შესაფერისობის“ დამადასტურებელ სამედიცინო დოკუმენტზე. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ გავახანგრძლივებთ ასევე, თქვენი თანმხლები ოჯახის უახლოესი წევრების ავიაბილეთების ვადას.
3.2.4. გადაყვანის დროს მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი თანმხლები პირების ავიაბილეთები შესაძლოა, შეიცვალოს მათი ავიაბილეთების ვადის გახანგრძლივებით. იმ მგზავრის, რომელმაც უკვე დაიწყო მოგზაურობა, ოჯახის უახლოესი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მგზავრის თანმხლები ოჯახის უახლოესი წევრების ავიაბილეთის მოქმედების ვადა შესაძლოა შეიცვალოს. ყველა შესაძლო ცვლილება განხორციელდება მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის წარდგენისთანავე და გახანგრძლივება არ უნდა აღემატებოდეს გარდაცვალების თარიღიდან ორმოცდახუთ (45) დღეს.
ცვლილებები მგზავრის მოთხოვნით
3.3.1. თუ თქვენ მიერ შერჩეული ტარიფი მოითხოვს, ავიაბილეთზე მითითებული მარშრუტების თანმიმდევრულ დაცვას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მარშრუტის თანმიმდევრობის დაუცველობის შემთხვევაში, ჩვენ ხელმეორედ გამოვთვლით ტარიფს თქვენ მიერ შეცვლილი მარშრუტის შესაბამისად. ავიაბილეთის ფასი განსაზღვრული იქნება იმ ტარიფით, რასაც დაჯავშნის დღეს თქვენ გადაიხდიდით თქვენი რეალური მარშრუტისთვის. ეს ტარიფი შეიძლება, თავდაპირველ თანხას აღემატებოდეს ან პირიქით.
თუ დაჯავშნის დღეს თქვენ მიერ თავდაპირველად დაჯავშნილი ჯგუფის ფასი არ იყო ხელმისაწვდომი შეცვლილი მარშრუტისათვის, თქვენი ტარიფის ხელმეორედ გამოთვლის საფუძვლად გამოყენებული იქნება ყველაზე იაფი ხელმისაწვდომი ყოფილი ფასების ჯგუფი.
თუ, თქვენი შეცვლილი მარშრუტის დაჯავშნისთვის მეტი თანხა დაგეკისრებოდათ, ჩვენ მოვითხოვთ სხვაობას, რაც დარჩება უკვე გადახდილი თანხის გამოკლებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გადაყვანა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გადაიხადეთ აღნიშნული სხვაობა.
თუ განსაზღვრული ტარიფის პირობების შესაბამისად, თქვენ გაქვთ დაბრუნებადი ავიაბილეთი და მისი არც ერთი სეგმენტი არ გამოგიყენებიათ, შეგიძლიათ, ტარიფის პირობების შესაბამისად მოითხოვოთ ავიაბილეთის თანხის დაბრუნება. აღნიშნული ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგავთ გადაყვანა-გადაზიდვის უფლებას.
ავიაგადამზიდველის სახელწოდება და მისამართი
3.4. ავიაგადამზიდველის სახელწოდება შესაძლოა მითითებული იყოს ავიაბილეთზე. ავიაგადამზიდველის მისამართი მითითებულია ვებ-გვერდზე – www.georgianwings.com
მუხლი 4 – ტარიფები და მოსაკრებლები
საბოლოო ფასი
4.1. საბოლოო ფასი არის ტარიფი აეროპორტების მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადების ჩათვლით.
ტარიფები
4.2. გადასახდელი ტარიფი მოიცავს გამგზავრების ფაქტობრივი ადგილის აეროპორტიდან დანიშნულების ადგილის აეროპორტში გადაყვანა-გადაზიდვას. თქვენი ტარიფი არ მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტირებას აეროპორტებსა თუ აეროპორტებსა და ქალაქის ცენტრებს შორის. ტარიფი შესაძლოა, მოიცავდეს ავიაკომპანიის მიერ დაწესებულ დამატებით გადასახადებს.
აეროპორტის მოსაკრებლები და სხვა გადასახადები
4.3. ყველა შესაბამისი გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია მგზავრთან ან მგზავრისთვის გასაწევ მომსახურებასთან, დაწესებული სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ან სხვა ორგანოს, ან აეროპორტის მიერ, გადახდილი იქნება თქვენ მიერ დამატებით. ავიაბილეთის შეძენისას თქვენ ინფორმირებული იქნებით აღნიშნულ გადასახადებზე, რომლებსაც არ მოიცავს ავიაბილეთის ფასი. ეს, როგორც წესი, დატანილი არის თქვენს ავიაბილეთზე. აეროპორტების მოსაკრებლები და გადასახადები განსხვავდება ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად.
ვალუტა
4.4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აეროპორტების მოსაკრებლები და გადასახადები შეიძლება, გადახდილი იყოს ჩვენთვის მისაღებ ნებისმიერ ვალუტაში. როდესაც გადახდა ხორციელდება გამგზავრების ქვეყანაში სხვა ვალუტაში, გარდა იმ ვალუტისა, რაშიც ავიაბილეთის ტარიფი არის გამოქვეყნებული, გადახდა განხორციელდება ბილეთის გაცემის დღეს არსებული ბანკის გაცვლითი კურსით.
მუხლი 5 – ჯავშანი და ადგილების განაწილება
ჯავშანთან დაკავშირებული მოთხოვნები
5.1.1. მოგზაურობის თითოეული კუპონი მიიღება მხოლოდ კუპონზე მითითებული კლასით გადაყვანა-გადაზიდვისთვის და იმ დღისა და ფრენისთვის, რომელთათვისაც არის ადგილი დაჯავშნილი. ადგილის ჯავშნის გარეშე არსებულ ავიაბილეთებზე, შესაძლოა, მოგვიანებით დაიჯავშნოს ადგილი, თუ იგი სასურველ ფრენაზე კვლავ ხელმისაწვდომია.
5.1.2. ჩვენ ან ჩვენი ერთ-ერთი ავტორიზებული აგენტი დააფიქსირებს თქვენს ჯავშანს. მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გამოგიგზავნით თქვენი ჯავშნ(ებ)ის წერილობით დასტურს.
5.1.3. გარკვეულ ტარიფებს შესაძლოა, ჰქონდეს ჯავშნის შეცვლის ან გაუქმების შეზღუდვის ან გამორიცხვის პირობა. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის ტარიფის პირობებს.
ბილეთის მიღების ვადა
5.2. ავიაგადამზიდველმა შესაძლოა, გააუქმოს ჯავშანი, თუ მგზავრი ჩვენთან ან ტურისტულ სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადაში არ განახორცილებს ავიაბილეთის საფასურის გადახდას.
პერსონალური მონაცემები
5.3. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველა შესაბამისი რეგულაციების მიხედვით და მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის, როგორიცაა ფრენის დაჯავშნა, ავიაბილეთის შეძენა, დამატებითი მომსახურების მიღება, მომსახურების გაწევა, იმიგრაციისა და სახელმწიფოში შესვლის ხელშეწყობა, აგრეთვე, თქვენი მოგზაურობის ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ან სხვა ავიაკომპანიებისთვის, ან ზემოაღნიშნული სერვისების სხვა მიმწოდებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ მიზნებისთვის, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ, შევინახოთ თქვენი მონაცემები და გადავცეთ ის ჩვენს სხვა ოფისებს, სხვა ავიაგადამზიდველებს ან სერვისების მიმწოდებლებს მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.
ადგილის წინასწარი დაჯავშნა
5.4.1. გარკვეულ ფრენებზე შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს ადგილის წინასწარ დაჯავშნა. ადგილის ტიპიდან გამომდინარე ეს სერვისი არის ფასიანი. წინასწარ (ფასიანი) ადგილების დაჯავშნა სავალდებულო არ არის.
5.4.2. ნებისმიერ შემთხვევაში, რეგისტრაციისას თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ კონკრეტული ადგილი. ცვლილებებს არჩეული ტარიფის მიხედვით, შესაძლოა, მოჰყვეს გადასახადი. როდესაც თქვენ იყენებთ „ავტომატურ რეგისტრაციას“, იმ შემთხვევაში თუ სხვა ადგილები ხელმისაწვდომია, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, პროცესის ბოლოს აირჩიოთ თქვენთვის შერჩეული ადგილის ნაცვლად სხვა ადგილი. თუმცა, ჩვენ კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებით გარანტიას ვერ მოგცემთ.
5.4.3. ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს, მათ შორის, ჩასხდომის შემდეგაც, მოგანიჭოთ ან ხელახლა გადავანაწილოთ ადგილები. ეს შესაძლოა, საჭირო იყოს საოპერაციო, უსაფრთხოების ან უშიშროების მიზეზით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ადგილის დაჯავშნისთვის წინასწარ გადაიხადეთ თანხა და თქვენი ფრენა გაუქმდა, ან თქვენი ადგილი საოპერაციო და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე შეიცვალა, ადგილის დაჯავშნისთვის წინასწარ გადახდილი თანხა აგინაზღაურდებათ. აღნიშნული თანხა არ ანაზღაურდება, თუ თქვენი საკუთარი ნებით არ ახორციელებთ ფრენას, ან ხელახლა დაჯავშნით ან გადადიხართ უკეთეს კლასში, ან თუ თქვენ მოგვაწოდეთ არასწორი ინფორმაცია თქვენს შესაბამისობაზე საავარიო გასასვლელის ადგილთან დაკავშირებით.
ჯავშნის დადასტურება
5.5.1. შემდგომი ან დაბრუნებასთან დაკავშირებული ჯავშნები შესაძლოა, ექვემდებარებოდეს ჩვენი შეტყობინებების შესაბამისად დადასტურებას. ნებისმიერი ასეთი მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეიძლება, გამოიწვიოს შემდგომი ან დაბრუნების ფრენის ჯავშნების გაუქმება.
ავიაგადამზიდველის მიერ შემდგომი ჯავშნების გაუქმება
5.6.1. თუ თქვენ არ იყენებთ ჯავშანს და არ გვაცნობებთ ამის შესახებ, ჩვენ შეიძლება, გავაუქმოთ ან მოვითხოვოთ ნებისმიერი შემდგომი ან დაბრუნების ფრენის ჯავშნის გაუქმება.
5.7.1. როდესაც დაჯავშნა ხორციელდება მესამე პირის მიერ (მათ შორის, დაჯავშნის სისტემის დახმარებით), მესამე პირი (მაგალითად, ტურისტული აგენტი) მოქმედებს, როგორც დამჯავშნელი და ის ვალდებულია მგზავრს მიაწოდოს დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, და არა მხოლოდ, საბოლოო ფასის კომპონენტებისა და შესაბამისი ოდენობის შესახებ).
მუხლი 6 – რეგისტრაცია და ჩასხდომა
6.1. რეგისტრაციის ვადა განსხვავდება აეროპორტების მიხედვით. ჩვენ გირჩევთ, რომ გაეცნოთ რეგისტრაციის ვადებს და დაიცვათ ისინი. რეგისტრაციის ვადის დაუცველობის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას, გავაუქმოთ თქვენი ჯავშანი. ჩვენ ან ბილეთის გამცემი ტურისტული სააგენტო ჩვენთან თქვენი ფრენის პირველ სეგმენტის რეგისტრაციის ვადაზე მოგაწვდით ინფორმაციას. ფრენების რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ან ტურისტულ სააგენტოში, სადაც ავიაბილეთი გაიცა. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მგზავრები შიდა ფრენებზე უნდა დარეგისტრირდნენ დაგეგმილი ფრენის გამგზავრებამდე არა უგვიანეს 40 წუთით ადრე, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე - არა უგვიანეს 1 საათით ადრე.
6.2. თქვენ უნდა გამოცხადდეთ ჩასხდომის გასასვლელთან არა უგვიანეს იმ დროისა, რომელიც რეგისტრაციისას განგემარტათ.
6.3. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, გავაუქმოთ თქვენი ჯავშანი ჩასხდომის გასასვლელთან დროულად გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
6.4. თუ თქვენ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული პერიოდის ფარგლებში არ გამოცხადდებით სარეგისტრაციო დახლთან, ვერ დაასრულებთ რეგისტრაციას და ჩასხდომის ბარათის მიღებას, ან გამოცხადდებით სათანადო დოკუმენტების გარეშე ან არ ხართ მზად ფრენისთვის, ჩვენ ფრენას არ დავაყოვნებთ და შესაძლოა, გავაუქმოთ თქვენთვის დაჯავშნილი ადგილი. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები (ჩარტერი) არ ვაგებთ პასუხს ამ მუხლის შეუსრულებლობის შედეგად თქვენს დანაკარგსა და ხარჯებზე.
მუხლი 7 – გადაყვანა-გადაზიდვაზე შეზღუდვები და უარი
უარი გადაყვანა-გადაზიდვაზე
7.1. ჩვენ შეგვიძლია, თუ ამას მიზანშეწონილად მივიჩნევთ, უარი ვთქვათ თქვენს გადაყვანაზე იმ შემთხვევაში თუ დაჯავშნამდე წერილობით გაცნობეთ, რომ არ გაგიწევთ ჩვენს ფრენებზე მომსახურებას. ჩვენი უარი ძალაში შედის წერილობითი შეტყობინების თარიღიდან. უარის თქმა შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ თქვენ წინა რეისზე დაარღვიეთ მე-7 და მე-11 მუხლებში მითითებული ქცევის წესები და შედეგად თქვენთვის მომსახურების გაწევა ჩვენთვის მიუღებელია. გარდა ამისა, ჩვენ უფლება გვაქვს, უარი ვთქვათ თქვენს გადაყვანასა ან/და თქვენი ბარგის გადაზიდვაზე იმ შემთხვევაში თუ:
7.1.1. ეს ღონისძიება აუცილებელია უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის, ან ნებისმიერი სახელმწიფოს, საიდანაც ან რომელი მიმართულებითაც ან რომლის საჰაერო სივრცის გავლითაც ხორციელდება ფრენა, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად; ან
7.1.2. თქვენი გადაყვანა მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს სხვა მგზავრების უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; ან
7.1.3. თქვენი ქცევა, თქვენი გონებრივი ან ფიზიკური მდგომარეობა, მაგალითად, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული, საფრთხეს გიქმნით თქვენ, სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს; ან
7.1.4. წინა ფრენის განმავლობაში თქვენ მოიქეცით ისე, რომ არსებითად დაარღვიეთ ჩვენი ქცევის წესები და ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ისევ გამეორდება; ან
7.1.5. თქვენ უარი განაცხადეთ თქვენი ან თქვენი ბარგის უსაფრთხოების კონტროლზე; ან
7.1.6. თქვენ არ გადაიხადეთ საბოლოო ფასი; ან
7.1.7. თქვენ არ გაქვთ დანიშნულების ადგილის ქვეყანაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტები, ან მიუხედავად ეკიპაჟის მოთხოვნისა, უარს აცხადებთ ამ დოკუმენტების წარმოდგენაზე; ან
7.1.8. თქვენ წარადგენთ ავიაბილეთს, რომელიც მოიპოვეთ არაკანონიერად, ან რომლის დაკარგვასა ან მოპარვასთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაცია, ან რომელიც გაყალბებულია, ან თქვენ ვერ ადასტურებთ, რომ ხართ ავიაბილეთზე დასახელებული მგზავრი; ან
7.1.9. თქვენ არ იცავთ უსაფრთხოებასთან/უშიშროებასთან დაკავშირებით ჩვენს წესებს; ან
7.1.10. თქვენ არ ემორჩილებით მოწევის აკრძალვის წესს თვითმფრინავის ნებისმიერ ნაწილში, ჩასხდომისას ან ჩასხდომის შემდეგ, და არ ემორჩილებით ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების აკრძალვის წესს;
7.2. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა, გადაყვანა-გადაზიდვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი წესები არსებობდეს, რა შემთხვევაშიც, უფრო მკაცრი წესები იქნება გამოყენებული.
7.3. ზემოთ მითითებული მიზეზებიდან გამომდინარე გადაყვანა-გადაზიდვაზე ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების (ჩარტერი) უარის შემთხვევაში, გადაყვანა-გადაზიდვასთან ან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა გამორიცხულია.
განსაკუთრებული დახმარება
7.4.1. თუ თქვენ გესაჭიროებათ განსაკუთრებული დახმარება (მათ შორის, და არა მხოლოდ, გაწვრთნილი ძაღლის გადაყვანა), ან თუ ხართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, უნდა გვაცნობოთ წინასწარ, დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. დაუშვებელია განსაკუთრებული დახმარების საჭიროების მიზეზით გადაყვანაზე უარი ეთქვათ იმ მგზავრებს, რომლებმაც ავიაბილეთის შეძენისას გვაცნობეს მათი საჭიროების შესახებ და მიიღეს ჩვენგან თანხმობა.
ბავშვების გადაყვანა
7.4.2. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თან ახლავთ არა ნაკლებ 18 წლის პირი. თანმხლების გარეშე 5 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვების გადაყვანა ექვემდებარება წინასწარ რეგისტრაციასა და თითოეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულ ტარიფს.
7.4.3. ბავშვები შესაძლოა, მოთავსებულნი იყვნენ საკუთარ სავარძელში, რომელიც დამაგრდება თვითმფრინავის სავარძელზე; ამისთვის, თქვენ უნდა, დაჯავშნოთ დამატებითი ადგილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მთელი ფრენის განმავლობაში თქვენ უნდა დაამაგროთ ბავშვის სავარძელი არსებული უსაფრთხოების ღვედით. ბავშვის სავარძელი უნდა იყოს თვითმფრინავისთვის შესაფერისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბავშვის სავარძლის სამგზავრო სალონში ატანაზე. ბავშვის სავარძელმა ხელი არ უნდა შეუშალოს, ნებისმიერი მგზავრის ევაკუაციას. ბავშვის სავარძელი უნდა, იყოს არანაკლებ 16 წლის პირის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბავშვის სავარძელში მოთავსებულ ბავშვსა და ბავშვის სავარძლის დამაგრებაზე. აფრენისა და მიწაზე დაშვების მომენტებში და ნებისმიერ იმ მომენტში, როდესაც უსაფრთხოების ღვედის ნიშანი არის ჩართული, ბავშვი უსაფრთხოების ღვედით უნდა იყოს დაცული ზრდასრული ადამიანის კალთაში. ბავშვის სავარძლის ადგილი არის ფანჯარასთან. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ცუდად დამაგრებული ბავშვის სავარძლიდან, მისი არასათანადო ფუნქციონირებიდან ან ჩვენი ინსტრუქციების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დამდგარ ზიანზე. მგზავრი, რომელიც მგზავრობს ბავშვთან ერთად, პასუხისმგებელია ბავშვის სავარძლის დამაგრებაზე. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ერთ ფრენაზე დაიშვება არაუმეტეს 10 ორ წლამდე ბავშვი.
7.4.4. არ დაიშვებიან ჩვილები, რომელთაც ფრენის დღეს 7 დღე არ შესრულებიათ.
7.4.5. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა, მცირეწლოვანთა გადაყვანასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი წესები არსებობდეს, რა შემთხვევაშიც, უფრო მკაცრი წესები იქნება გამოყენებული.
სპეციალური კატეგორიის მგზავრთა გადაყვანა
7.5.1. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი რეგულაციებით ერთ ფრენაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა ლიმიტირებულია, რაც დამოკიდებულია შეზღუდული შესაძლებლობის ტიპზე, თვითმფრინავის ტიპსა და სხვა გარემოებებზე.
7.5.2. ფეხმძიმე ქალბატონები ჩვენს ფრენებზე არ დაიშვებიან ფეხმძიმობის 35-ე კვირის შემდეგ. ტყუპებზე ფეხმძიმობის შემთხვევაში, ეს შეზღუდვა მოქმედებს 32-ე კვირიდან. ქალბატონები, რომელთა ფეხმძიმობაც 28 კვირას აღემატება, ჩვენს ფრენებზე დაიშვებიან მხოლოდ საჰაერო მოგზაურობისთვის შესაბამის მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში. სამედიცინო დოკუმენტი გაცემული უნდა, იყოს ფრენის თარიღამდე არაუმეტეს 6 დღით ადრე.
7.5.3. არ დაიშვებიან მგზავრები საკაცით.
7.5.4. ავიაგადამზიდველი იტოვებს უფლებამოსილებას, ზოგიერთ შემთხვევებში არ დაუშვას მგზავრები ფრენებზე, მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა მგზავრებისა და ეკიპაჟის კეთილდღეობის ან ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით. ვინაიდან, ავიაგადამზიდველს არ შეუძლია მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, მგზავრის პასუხისმგებლობას წარმოადგენს მიიღოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ფრენისთვის შესაბამისობასთან დაკავშირებით.
მუხლი 8 – ბარგი
უფასო და ზენორმატიული ბარგი
8.1. შესაბამისი ტარიფის მიხედვით, ბორტზე ბარგის ატანა დაშვებულია შეზღუდული ოდენობით. დაშვებული უფასო ბარგის შესახებ ინფორმაცია დატანილია თქვენს ავიაბილეთზე და, ასევე, ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან ავიაბილეთის გამცემ ტურისტულ სააგენტოს. დაშვებული უფასო ბარგის გადაჭარბებისა და სპეციალური ბარგის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ, გადაიხადოთ დამატებითი გადასახადი.
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თითოეული ბარგის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კილოგრამს.
უცხო პირის ბარგი
8.2. ჩვენს ფრენებზე არ არის დაშვებული ბარგი, რომელიც თქვენ მიიღეთ უცნობი პირებისგან.
აკრძალული ნივთები
8.3. მგზავრის ბარგი არ უნდა მოიცავდეს შემდეგ ნივთებს, როგორიცაა:
• შეკუმშული აირები – აალებადი, არა-აალებადი და მომწამლავი, საყოფაცხოვრებო აირები, ბუტანი, ჟანგბადი, პროპანი, აკვალანგის დატენილი ცილინდრები;
• შემაკავებელი ნივთები, როგორიცაა ბლაგვი იარაღი, წიწაკის გაზი და ა.შ. აირის შემცველი კონტეინერები, რომლებიც შეიცავს გამაღიზიანებელ ან უნარის წამრთმევ, შემაკავებელ ნივთიერებებს;
• პირადი სამედიცინო ჟანგბადის მოწყობილობები, რომლებშიც გამოიყენება თხევადი ჟანგბადი.
• ელექტრო შოკის გამომწვევი ნივთები (მაგ. ელექტრო-შოკერები), რომლებიც შეიცავს ასაფეთქებელ ნივთიერებებს, შეკუმშულ აირებს, ლითიუმის ბატარიებსა და ა.შ.
• ლითიუმ იონის ან ლითიუმ მეტალის ბატარეებზე მომუშავე სანთებელები თავსახურის ან შემთხვევით გააქტიურებისგან დაცვის მექანიზმების/საშუალების გარეშე.
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები, რომლებიც მუშაობენ თხევად ბატარეებზე, რომლებშიც დამონტაჟებულია შესაბამისი ხუფები;
• კოროზიული ნივთიერებები - მჟავები, ტუტეები, ბატარეები, ვერცხლისწყალი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ ვერცხლისწყალს, კაუსტიკურ მასალებს;
• ასაფეთქებელი ნივთიერებები - საბრძოლო მასალები, ფეიერვერკი, ჩირაღდანი; აალებადი თხევადი და მყარი ნივთიერებები, სითხით სავსე ბალონები რომლებიც განკუთვნილია სანთებელებისთვის და გათბობისთვის, რადიოაქტიური მასალები;
• ბალონები და კონტეინერები აალებადი სითხეებით, როგორიცაა გაზი, საღებავი, ლაქი, საწმენდი საშუალებები;
• ბენზინზე მომუშავე მოწყობილობები და ხელსაწყოები, რომლებიც შეიცავს ბენზინის მინიმალურ ოდენობასაც კი (მაგ. საცდელი მიზნებისთვის);
• სითბოს გამომმუშავებელი ნივთები;
• პორტფელები და ქეისები ჩამონტაჟებული სიგნალიზაციით;
• დამჟანგავი ნივთიერებები - მათეთრებელი, პეროქსიდები;
• შხამიანი ნივთიერებები – დარიშხანი, ციანიდი, ინსექტიციდები, ჰერბიციდები;
• ინფექციური ნივთიერები – ბაქტერიები, ვირუსული ნივთიერებები;
• გაზის კანისტრები, პისტოლეტებისა და რევოლვერების გაზის ვაზნები;
• ნივთები, რომელებიც თავისი მახასიათებლების, წონის, ზომის, ფორმის ან სუნის გამო არ არის ტრანსპორტირებისთვის შესაფერისი;
• ბატარეები ან ბატარეებიანი მოწყობილობები, რომლებიც დაზიანებული, დეფექტიანი ან აღდგენილია;
• 2.5 კგ-ზე მეტი მშრალი ყინული;
• სამედიცინო პროდუქტები, ნივთები და ფარმაცევტული საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირება აკრძალული ან შეზღუდულია იმ ქვეყნების კანონმდებლობით, საიდანაც ან რომლის გავლით ან მიმართულებით სრულდება ფრენა;
• სხვა სახიფათო ნივთები ან ნივთიერებები - მაგნიტიზებული მასალები, ძლიერი და მდგრადი სუნის მქონე აგრესიული და გამაღიზიანებელი ნივთიერებები, და სხვა ნივთები და ნივთიერებები, რომლებიც განსაზღვრულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის შესახებ ტექნიკური ინსტრუქციებით ან/და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებით.
8.4. ავიაგადამზიდველის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლი მასალის ტრანსპორტირება შესაძლოა, დაშვებული იყოს რეგისტრირებული ბარგის პირობებში, შეზღუდული რაოდენობითა და გარკვეული პირობებით, IATA-ს და ICAO-ს საერთაშორისო ნორმებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. ავიაგადამზიდველისგან ნებართვა მოპოვებული უნდა იქნეს თვითმფრინავის გაფრენამდე 72 საათით ადრე.
8.5. ელექტრონული სიგარეტები, ლითიუმის ბატარეები, მედიკამენტები (იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მისი ტრანსპორტირება აკრძალული არ არის) დაშვებულია მხოლოდ არარეგისტრირებულ ბარგში.
8.6. ავიაგადამზიდველი არ აგებს პასუხს ნებისმიერ იმ ნივთზე, რომელიც თქვენს რეგისტრირებულ ბარგში ამ დებულებების დაუცველად არის მოთავსებული.
ნივთები, რომლებსაც არც რეგისტრირებული და არც არარეგისტრირებული ბარგი არ მოიცავს
8.7.1. თუ რეგისტრირებული ბარგი შეიცავს რომელიმე შემდეგ ნივთს:
ა. ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები;
ბ. სამკაულები, ძვირფასი მეტალები, ძვირფასი და ნახევრად-ძვირფასი ქვები;
გ. კომპიუტერი, კამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი და სხვა ნებისმიერი ელექტრონული ან ტექნიკური მოწყობილობა და მისი აქსესუარ(ებ)ი;
დ. ოფიციალური, საქმიანი ან პირადი დოკუმენტები;
ე. სამოგზაურო ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
ვ. გასაღებები;
ზ. სითხე;
თ. წამლები;
ი. მალფუჭებადი ნივთები;
კ. ხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები;
ლ. ჭურჭელი;
მ. ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსი ნივთები;
ასეთი ნივთების შეფერხებაზე, დაკარგვასა და დაზიანებაზე ავიაგადამზიდველი პასუხს არ აგებს. ზოგიერთ აეროპორტს შესაძლოა ჰქონდეს მეტი შეზღუდვები. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება აეროპორტის წესებს.
8.7.2. მგზავრის ბარგი ან პირადი ნივთები არ უნდა მოიცავდეს ანტიკვარულ იარაღს, ხმლებს, დანებს, მაკრატლებს, სამართებლის პირებს, დანა-ჩანგალს, სასროლო შუბებს, შპრიცებს ან სხვა ბასრ საგნებსა და ნივთებს, რომლებიც ჩვენი შეხედულებით შესაძლოა, იარაღად იქნეს გამოყენებული.
8.7.3. მგზავრის ბარგი ან პირადი ნივთები შესაძლოა, შეიცავდეს მხოლოდ იმ ნივთებს, რომლებიც არ არის აკრძალული და მხოლოდ იმ რაოდენობითა და შეფუთვით, როგორც ეს განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და უსაფრთხოების წესებით.
ბარგის გადაზიდვაზე უარის თქმა
8.8.1. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ბარგის გადაზიდვაზე, თუ ის არ შეესაბამება გადაყვანა-გადაზიდვის პირობებს, ან უარი თქვას ნებისმიერი ასეთი აღმოჩენილი ნივთის შემდგომ გადაზიდვაზე.
8.8.2. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ბარგის ან ნივთის გადაზიდვაზე, თუ ეს ნივთები მათი ზომის, ფორმის, წონის, შინაარსის, მახასიათებლების ან უსაფრთხოების მიზეზების გამო მიჩნეულია გადაზიდვისთვის შეუსაბამოდ, ან იმ საფუძვლით, რომ ამას უარყოფითი გავლენა ექნება სხვა მგზავრების კეთილდღეობაზე.
8.8.3. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას იმ ბარგის მიღებაზე, რომელიც არ არის ჩემოდნებსა და სხვა მსგავს სათავსოში ჩვეულებრივი მეთვალყურეობის პირობებში უსაფრთხო გადაზიდვისთვის სათანადოდ შეფუთული.
შემოწმების უფლება
8.9. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა, მოგთხოვოთ თქვენი ტანსაცმლის, ნივთების, არარეგისტრირებული ბარგისა და ბარგის შემოწმების, აგრეთვე, რენტგენული სხივებით თქვენი ბარგის შემოწმების ნებართვა. თუ თქვენ ადგილზე არ იმყოფებით ან მიუწვდომელი ხართ, თქვენი ბარგი შესაძლოა, შემოწმდეს თქვენი დასწრების გარეშე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის არ შეიცავს 8.3. მუხლში მითითებულ ნივთებს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ თქვენი ან/და თქვენი ბარგის გადაყვანა-გადაზიდვაზე. კანონის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ბარგის შემოწმების შედეგად დამდგარ ზიანზე.
რეგისტრირებული ბარგი
8.10.1. რეგისტრაციის შემდეგ ბარგი ავიაგადამზიდველი ბარგის თითოეულ ნაწილზე გასცემს საბარგო საიდენტიფიკაციო საჭდს.
8.10.2. თუ ბარგზე დატანილი არ არის სახელი, ინიციალები ან პირის სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, მგზავრი ვალდებულია, ჩაბარებამდე მიამაგროს ის ბარგს.
8.10.3. რეგისტრირებული ბარგი გადაზიდული იქნება იმავე თვითმფრინავით, სადაც იმყოფება მგზავრი, გარდა იმ შემთხვევისა თუ საოპერაციო, უსაფრთხოების ან უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე, ავიაგადამზიდველი საჭიროდ ჩათვლის ბარგი გადაიტანოს მომდევნო ფრენით, რომელშიც იქნება ადგილი. ასეთ შემთხვევაში, ბარგი ჩამოდის აეროპორტში ან მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში იგზავნება მგზავრის მიერ მოწოდებულ მისამართზე. თუ შესაბამისი ქვეყნის საბაჟო წესების მიხედვით ბარგი უნდა გადაეცეს მხოლოდ მგზავრს და ბარგის მიწოდება მგზავრის მისამართზე შეუძლებელია, ბარგი მიწოდებული იქნება აეროპორტში. მე-14 მუხლით განსაზღვრული დებულებები მოქმედებს წინამდებარე პუნქტთან მიმართებაშიც (პასუხისმგებლობა ზიანისთვის).
არარეგისტრირებული ბარგი
8.11.1. ავიაგადამზიდველმა შესაძლოა, განსაზღვროს არარეგისტირებული ბარგის რაოდენობა, მაქსიმალური წონა და ზომა. არარეგისტრირებული ბარგი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა თავსდებოდეს მგზავრის წინ არსებული სავარძლის ქვეშ ან ბარგისთვის განკუთვნილ სხვა ადგილას. თუ თქვენი არარეგისტრირებული ბარგი არ შეესაბამება პირობებს ან უსაფრთხოების მოთხოვნებს, ის გადატანილი უნდა, იყოს როგორც რეგისტრირებული ბარგი.
8.11.2. ნივთები, რომელიც არ არის შესაფერისი ტვირთის სათავსოში ტრანსპორტირებისთვის, მაგალითად, როგორიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები, და რომლებიც არ შეესაბამება 8.11.1. მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, სამგზავრო სალონში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება თუ ჩვენ გაგვაფრთხილეთ წინასწარ და ჩვენ თანხმობა განგიცხადეთ. ამ დამატებითი მომსახურებისთვის, ჩვენ შესაძლოა, დამატებითი გადასახადი დაგიწესოთ.
რეგისტრირებული ბარგის მიწოდება და აღება
8.12.1. აეროპორტებში ბარგის მიწოდება ხორციელდება არა პირადად, არამედ ბარგის გაცემის ტერმინალების საშუალებით. თქვენ ვალდებულნი ხართ, აიღოთ თქვენი ბარგი მაშინვე, როცა ის თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დანიშნულების საბოლოო ადგილას ან გაჩერებისას.
8.12.2. რეგისტრირებული ბარგი მიეწოდება მხოლოდ ბარგის ქვითრის მქონე პირს.
8.12.3. თუ პირი, რომელიც ითხოვს რეგისტრირებული ბარგის მიღებას, ვერ ახერხებს ბარგის ქვითრის ან ბარგის საიდენტიფიკაციო საჭდის წარმოდგენას, ჩვენ ამ პირს ბარგს გადავცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდებით რომ მას აქვს ეს უფლება.
8.12.4. თუ თქვენ ვერ აიღებთ თქვენს ბარგს ან სხვა პირად ნივთებს, ჩვენ მათ შევინახავთ 60 დღის განმავლობაში, რა დროსაც შესაძლოა, დაგაკისროთ შენახვის საფასური. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ჩვენ გავყიდით ან გავანადგურებთ თქვენს ბარგსა და პირად ნივთებს. თუ ჩვენ მოვახერხებთ თქვენს იდენტიფიცირებას თქვენი ბარგის ან პირადი ნივთების საფუძველზე, ჩვენთვის მოწოდებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე შეგატყობინებთ ამ ნივთების განკარგვის განზრახვის შესახებ; განკარგვის შემდეგ, ჩვენ აღარ ვაგებთ პასუხს თქვენს წინაშე ნებისმიერი დამდგარი ზიანისთვის.
ცხოველები
8.13.1. დაშვებულია მხოლოდ ძაღლებისა და კატების გადაყვანა. სხვა ცხოველები არ დაიშვებიან.
ძაღლებისა და კატების გადაყვანა ექვემდებარება ავიაგადამზიდველთან შეთანხმებასა და შემდეგ პირობებს: ცხოველები სათანადოდ უნდა იყვნენ აღჭურვილნი და ჰქონდეთ ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის სერტიფიკატები, ქვეყანაში შესვლის ნებართვები, და ყველა სხვა საჭირო დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილია შესაბამისი ქვეყნების მიერ. ავიაგადამზიდველი იტოვებს უფლებამოსილებას, თავად განსაზღვროს გადაყვანის წესები და შეზღუდოს ერთ ფრენაზე დაშვებული ცხოველთა რაოდენობა.
ცხოველები, რომლებიც მგზავრობენ სამგზავრო სალონში (და საჭიროების შემთხვევაში მათი სატრანსპორტო სათავსოები), უნდა ეტეოდნენ ქვემოთ თქვენს სავარძელთან და ბორტზე ყოფნისას უნდა იყვნენ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ.
8.13.2. ცხოველის წონა, მათ შორის, მისი სათავსოსა და საჭმლის წონა, არ შედის უფასოდ დაშვებულ ბარგში. გადაყვანა-გადაზიდვისთვის საჭიროა, ზენორმატიული ბარგის საფასურის გადახდა.
8.13.3. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრენის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, ცხოველი უნდა იყოს საჯარო სივრცეში მოქცევასთან დაკავშირებით კარგად გაწვრთნილი. ჩვენ მხოლოდ მაშინ მოგცემთ უფლებას გყავდეთ თქვენი ცხოველი თქვენთან ერთად სამგზავრო სალონში, თუ იგი ემორჩილება თქვენს მითითებებს და სათანადოდ იქცევა. თუ თქვენი ცხოველი სათანადოდ არ იქცევა, თქვენ ვალდებული იქნებით მას გაუკეთოთ ალიკაპი და დააშოშმინოთ, ან ნება დაგვრთოთ გადავიყვანოთ ის ტვირთის სათავსოში (სატრანსპორტო კონტეინერის არსებობის შემთხვევაში), ან შესაძლოა უარი გეთქვათ გადაყვანაზე.
8.13.4. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ცხოველის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და ქცევაზე. აგრეთვე, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი გამგზავრებასთან, ჩაფრენასთან, ჯანმრთელობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ იმ ქვეყნების რეგულაციებსა და კანონებზე, საიდანაც ან რომლის მიმართულებითაც ხორციელდება ცხოველის გადაყვანა ან/და სადაც არის გაჩერების ადგილი. ეს წესი მიემართება ყველა სათანადო ჯანმრთელობის ცნობას, ნებართვას და ვაქცინაციას. კერძოდ, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ცხოველის კარანტინში განთავსების ხარჯებსა და იმ თანხებზე, რაც ცხოველის გამგზავრების ადგილას დაბრუნებას უკავშირდება.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ხარჯზე, რაც გამოიწვია ამ ვალდებულებებისა და კანონების, რეგულაციებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობამ, ასევე, პასუხს აგებთ ნებისმიერ ზიანზე, რაც თქვენმა ცხოველმა გამოიწვია და გვათავისუფლებთ ჩვენ ამ კუთხით ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ზიანი გამოწვეულია ჩვენი განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მუხლი 9 - განრიგები, ფრენების შეფერხებები და გაუქმება
9.1. გამგზავრებისა და ჩამოსვლის დროები, რომლებიც მითითებულია ჩვენს განრიგში ან სადმე სხვაგან, საბოლოო არ არის და არ წარმოადგენს თქვენი გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების ნაწილს. თქვენი ავიაბილეთის გაცემის შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს დაგეგმილი ფრენის დროის, თარიღის ან მარშრუტის (მათ შორის, გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილების) ცვლილება. თუ ავიაბილეთის შეძენის შემდეგ, ჩვენ მასში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, რაც თქვენთვის მიუღებელია და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა დაგიჯავშნოთ შესაბამისი ალტერნატიული რეისი, თქვენ წარმოგეშვებათ თანხის დაბრუნების უფლება 10.2. მუხლის შესაბამისად.
9.2. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ ფრენის შეფერხებები. ამ ძალისხმევისა და ფრენის გაუქმების თავიდან აცილების მიზნით, მიღებული ზომები შესაძლოა, მოიცავდეს თქვენს გადაყვანას ალტერნატიული თვითმფრინავით ან სხვა ავიაკომპანიით.
9.3. ნებისმიერი დაგვიანების, ხელახალი დაჯავშნისა და ფრენის გაუქმების შემთხვევაში ჩვენ დროულად გაცნობებთ როგორც აეროპორტში, ასევე, თქვენი ფრენის დროს. თქვენი ფრენის ინფორმაციის ნახვა, ასევე, შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე georgianwings.com.
მუხლი 10 - თანხის დაბრუნება
ზოგადი დებულებები
10.1. ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების მიხედვით გადაყვანა-გადაზიდვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან როდესაც მგზავრი თავისი ნების შესაბამისად ითხოვს შეთანხმებული პირობების ცვლილებას, გამოუყენებელი ავიაბილეთის ან მისი გამოუყენებელი სეგმენტისთვის თანხის დაბრუნება ხორციელდება ავიაგადამზიდველის მიერ ამ მუხლში მითითებული წესებისა და შესაბამისი ტარიფის მიხედვით:
თანხის მიმღები
10.1.1. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თანხა უბრუნდება ავიაბილეთზე მითითებულ მგზავრს ან იმ პირს, რომელმაც შეიძინა ბილეთი და ამის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტებს წარადგენს.
10.1.2. თუ ბილეთი შეძენილია არა ავიაბილეთზე მითითებული მგზავრის, არამედ სხვა პირის მიერ და ავიაბილეთზე დატანილია თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ავიაგადამზიდველი თანხის დაბრუნებას შესთავაზებს მხოლოდ ავიაბილეთის შემძენ პირს ან იმოქმედებს ამ პირის ინსტრუქციებისა და მითითებების შესაბამისად.
10.1.3. თანხის დაბრუნება ნებისმიერი პირისთვის, რომელიც წარადგენს სამგზავრო კუპონს და ყველა გამოუყენებელ ფრენის კუპონს, ასევე, წარადგენს თავს, როგორც 10.1.1. და 10.1.2. მუხლების შესაბამისად განსაზღვრულ თანხის კანონიერ მიმღებს, ჩაითვლება თანხის კანონიერ მიმღებად და ავიაგადამზიდველი გათავისუფლებული იქნება ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და შემდგომი პრეტენზიისაგან ან თანხის დაბრუნებისგან.
თანხის სავალდებულო დაბრუნება
10.2.1. თუ ავიაგადამზიდველი აუქმებს ფრენას, ვერ ასრულებს ფრენას განრიგის შესაბამისად, ვერ ჩერდება თქვენი დანიშნულების ან გაჩერების ადგილებში, გამოგატოვებინებთ დამაკავშირებელ ფრენას, რომელიც დაჯავშნილი გაქვთ, ან ვერ უზრუნველგყოფთ წინასწარ დადასტურებული ადგილით, დასაბრუნებელ თანხას წარმოადგენს:
10.2.1.1. თუ ავიაბილეთის არც ერთი სეგმენტი გამოყენებული არ არის, გადახდილი თანხის ეკვივალენტი;
10.2.1.2. თუ გამოყენებულია ავიაბილეთის ნაწილი, არანაკლებ გადახდილი ტარიფისა და მგზავრის მიერ უკვე გამოყენებულ ტარიფებს შორის სხვაობა;
თანხის ნებაყოფლობითი დაბრუნება
10.3.1. თუ მგზავრი ითხოვს თანხის დაბრუნებას გარდა იმ პირობებით, რაც მითითებულია 10.2.1. მუხლში და მგზავრს აქვს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, დასაბრუნებელ თანხას წარმოადგენს:
10.3.1.1. თუ ავიაბილეთის არც ერთი სეგმენტი გამოყენებული არ არის, გადახდილი თანხის ეკვივალენტი, რომელსაც დააკლდება ყველა შესაბამისი მომსახურებისა და გაუქმების თანხები;
10.3.1.2. თუ გამოყენებულია ავიაბილეთის ნაწილი, გადახდილი ტარიფისა და მგზავრის მიერ უკვე გამოყენებულ ტარიფს შორის სხვაობა, რომელსაც დააკლდება ყველა შესაბამისი მომსახურებისა და გაუქმების თანხები.
თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება
10.4.1. ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე, თუ თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განაცხადი ავიაბილეთის ვადის გასვლის შემდეგ გაკეთდება.
10.4.2. ავიაგადამზიდველს უფლება აქვს, უარი თქვას იმ ავიაბილეთის დაბრუნებაზე, რომელიც წარდგენილია სახელმწიფო ორგანოებისა ან ავიაგადამზიდველისთვის, როგორც ქვეყნიდან გამგზავრების განზრახვის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მგზავრი სათანადოდ დაარწმუნებს ავიაგადამზიდველს, რომ მაქვს აქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება ან ის ქვეყანას დატოვებს სხვა ავიაგადამზიდველით ან სხვა ტიპის ტრანსპორტით.
ვალუტა
10.5. თანხის დაბრუნება ექვემდებარება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, წესებსა და რეგულაციებს, სადაც ავიაბილეთი გაიყიდა და ბრუნდება. ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე ვალუტაში, რომლითაც ავიაბილეთი იქნა შეძენილი. გადახდის მიმწოდებლის კონვერტაციის და საკომისიო თანხების გამო, ასანაზღაურებელი თანხა შესაძლოა განსხვავდებოდეს თავდაპირველად გადახდილი თანხისგან.
ანაზღაურება ტურისტულ სააგენტოში
10.6. ტურისტულ სააგენტოში ავიაბილეთის დაჯავშნის შემთხვევაში, ტურისტული სააგენტოს მიერ დარიცხული თანხის გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი თანხა შესაძლოა განსხვავდებოდეს გადახდილი თანხისგან. შესაბამისად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ტურისტულ სააგენტოს და იქ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება.
მუხლი 11 - ბორტზე ქცევის წესი
ზოგადი დებულებები
11.1. ეკიპაჟის წევრების ინსტრუქციების შესრულება სავალდებულოა. თუ თქვენი ქცევა საფრთხეს უქმნის თვითმფრინავს ან ბორტზე მყოფ სხვა პირს ან ქონებას, ან ხელს უშლის ეკიპაჟის წევრებს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, ან არ ასრულებთ ეკიპაჟის წევრის ნებისმიერ მოთხოვნას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, თამბაქოს, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, ან იქცევით იმგვარად, რომ სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს უქმნით დისკომფორტს, უხერხულობას, აყენებთ ზიანს, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომელსაც მივიჩნევთ საჭიროდ მსგავსი ქცევის თავიდან ასარიდებლად. ეს მოიცავს მათ შორის თქვენს დაკავებას ან ფრენიდან მოხსნას. თქვენ შესაძლოა უარი გეთქვათ ჩვენ მიერ შემდგომ გადაყვანებზე და, ასევე, შესაძლოა, დაგეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ელექტრონული მოწყობილობები
11.2. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მობილური ტელეფონების, რადიოების, პორტატული კომპიუტერების (ლეპტოპების), პორტატული ჩამწერების, პორტატული რადიოების, CD, DVD და MP3 ფლეერების, ელექტრონული თამაშებისა და გადამცემი მოწყობილობების გამოყენება ბორტზე აკრძალულია. აღნიშნული ნივთების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ეკიპაჟის ინსტრუქციების შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ეკიპაჟის განცხადებებსა და ბორტზე არსებულ სხვა საინფორმაციო მასალებს.
უსაფრთხოების ღვედის შეკვრის ვალდებულება
11.3. მანამ, სანამ ჩართულია ღვედის შეკვრის ნიშანი, თქვენ ვალდებულნი ხართ ისხდეთ უსაფრთხოების ღვედით შეკრულ მდგომაროებაში. თქვენ ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ ბორტგამყოლებისა და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ინსტრუქციებს.
ალკოჰოლური სასმელები
11.4. პირადი ალკოჰოლური სასმლის მიღება ბორტზე აკრძალულია. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ბორტზე შეძენილი ალკოჰოლური სასმელი.
თამბაქოს მოწევის აკრძალვა
11.5. თამბაქოს მოწევა, მათ შორის, ელექტრო სიგარეტები, თვითმფრინავის ყველა ადგილას აკრძალულია. თამბაქოს მოწევის ნებისმიერი მცდელობა შესაძლოა დასრულდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ჩვენთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნით. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ თქვენი ან თქვენი ბარგის შემდგომ გადაყვანა-გადაზიდვაზე და გაგიუქმოთ ჯავშანი/ჯავშნები.
ბორტზე ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება
11.6. ბორტზე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაღებულ პირთა უფლებები - კერძოდ, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უფლებები - იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. ეკიპაჟის წევრს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს აკრძალოს ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება.
მუხლი 12 - დამატებითი მომსახურებები
12.1. თუ ჩვენ ვუთანხმდებით მესამე პირს, რომ მოგაწოდოთ რაიმე ტიპის მომსახურება, გარდა ფრენასთან დაკავშირებული მომსახურებისა, ან იმ სამგზავრო დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც ფრენას არ უკავშირდება, ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ როგორც თქვენი წარმომადგენელი და არ გვეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, გარდა იმ შემთხვევისა თუ შეთანხმების დროს ჩვენი მხრიდან გაუფრთხილებლობას ჰქონდა ადგილი.
მუხლი 13 - ადმინისტრაციული ფორმალობები
ზოგადი დებულებები
13.1.1. მხოლოდ თქვენ ხართ ვალდებული და პასუხისმგებელი, მოიპოვოთ ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი და ვიზები იმ ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, საიდანაც მიემგზავრებით, ჩადიხართ ან რომელსაც გაივლით; იგივე ეხება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მოთხოვნებსა და ინსტრუქციებს. თქვენი სამგზავრო დოკუმენტები და ვიზები უნდა იყოს მოქმედი მთელი თქვენი მოგზაურობის მანძილზე, მათ შორის, გაჩერებების დროს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ გვეკისრება; კერძოდ, ჩვენ არ ვართ ვალდებულნი, შევამოწმოთ თქვენი დოკუმენტების ნამდვილობა.
13.1.2. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ შედეგებზე, რაც მითითებული დოკუმენტების ან ვიზების არქონამ ან მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ინსტრუქციების დაუმორჩილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს.
13.1.3. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენ მიერ მოწოდებულ დამხმარე ინფორმაციაზე, რომელიც ეხება საჭირო დოკუმენტებისა და ვიზის მიღებას, ან ამ კანონების, რეგულაციების, ბრძანებების, მოთხოვნების შესრულებას, განურჩევლად იმისა ეს ინფორმაცია გაცემულია წერილობით თუ სხვაგვარად; ან იმ შედეგებზე რაც შესაბამისი დოკუმენტებისა და ვიზების მიუღებლობამ, აგრეთვე, კანონების, რეგულაციების, ბრძანებების, მოთხოვნების შეუსრულებლობამ გამოიწვია.
სამგზავრო დოკუმენტები
13.2. ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში გამგზავრებამდე, თქვენ უნდა წარმოადგინოთ დანიშნულების წერტილის ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გასვლის, ჯანმრთელობის ან ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილია დანიშნულების ან ტრანზიტული ქვეყნის მიერ, აგრეთვე, ნებას გვრთავთ, შევინახოთ ამ დოკუმენტების ასლები. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფლება გვაქვს, უარი გითხრათ გადაყვანაზე. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები არასრულია. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ დებულების შეუსრულებლობის შედეგად თქვენთვის წარმოშობილ ზიანზე ან ხარჯზე.
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა
13.3. თქვენ თანხმობას აცხადებთ გადაიხადოთ შესაბამისი თანხა, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უარი გეთქვათ დანიშნულების წერტილის ქვეყანაში შესვლაზე და ჩვენ სახელმწიფო გვავალდებულებს დაგაბრუნოთ გამგზავრების ან სხვა ადგილას. ამ მიზნით, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ თქვენ მიერ ჯერ გამოუყენებელი მგზავრობის თანხა. ჩვენ არ დავაბრუნებთ დანიშნულების წერტილის ქვეყნიდან ან დეპორტაციის ადგილიდან გადაყვანის გადახდილ თანხას.
მგზავრის პასუხისმგებლობა ჯარიმებზე, დაკავების ხარჯებსა და ა.შ.
13.4. თუ ჩვენ დაგვეკისრა რაიმე ტიპის ჯარიმის გადახდა ან ხარჯის გაწევა იმის გამო, რომ თქვენ არ დაემორჩილეთ იმ ქვეყნების კანონმდებლობასა და წესებს, სადაც მიდიხართ ან რომელსაც გაივლით, ან სათანადოდ არ წარადგენთ შესაბამის დოკუმენტებს, თქვენ ვალდებული ხართ აგვინაზღაუროთ გადახდილი ან დეპოზიტის სახით გაცემული თანხა. ეს ვალდებულება ვრცელდება როგორც მგზავრზე, ასევე ბილეთის შემძენზეც. ამ მიზნით, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ თქვენ მიერ ჯერ გამოუყენებელი მგზავრობის თანხა ან თქვენს მფლობელობაში არსებული ქონება.
საბაჟო კონტროლი
13.5. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ საბაჟო ან სხვა სახელმწიფო მოხელეებს უნდა წარუდგინოთ როგორც რეგისტრირებული, ასევე, არარეგისტრირებული ბარგი. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, ამგვარი შემოწმების შედეგად მგზავრისთვის მიყენებულ ზიანზე ან იმ შედეგებზე, რაც მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობით იქნება გამოწვეული.
უსაფრთხოების კონტროლი
13.6. თქვენ ვალდებული ხართ, გაიაროთ თქვენი და თქვენი ბარგის უსაფრთხოების კონტროლი, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო მოხელეების, აეროპორტის ოპერატორების ან ჩვენ მიერ.
მონაცემთა გადაცემა
13.7. ჩვენ უფლება გვაქვს, სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ თქვენი პასპორტის მონაცემები და ყველა სხვა პერსონალური მონაცემი, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ თქვენს ფრენასთან დაკავშირებით, გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესასრულებლად მათი კანონიერი მოთხოვნის გამო.
მუხლი 14 – პასუხისმგებლობა ზიანისთვის
ზოგადი დებულებები
14.1.1. ჩვენი პასუხისმგებლობა განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობებით.
14.1.2. გადაზიდვა ექვემდებარება კონვენციით დადგენილ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ წესებსა და შეზღუდვებს. ქართული კანონმდებლობის მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგელობა განისაზღვრება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №96 ბრძანების შესაბამისად.
14.1.3. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ შესაბამისად დადასტურებული ზიანისთვის და ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლები არ აღემატება დადასტურებული ზიანის ოდენობას.
14.1.4. თუ ჩვენ დავამატკიცებთ, რომ ზიანი გამოიწვია ზიანის მომთხოვნი პირის, ან უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის, გაუფრთხილებლობამ ან სხვა არასწორმა ქმედებამ ან უმოქმედობამ, ჩვენ ამგვარი ზიანისგან სრულად ან ნაწილობრივ ვთავისუფლდებით. თუ მესამე პირი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას თქვენი გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების გამო, ჩვენ, ასევე, სრულად ან ნაწილობრივ გავთავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან იმ ზომით, რამდენადაც დავამტკიცებთ, რომ ზიანი გამომდინარეობდა თქვენი გაუფრთხილებლობით ან სხვა არასწორი ქმედებით ან უმოქმედობით. ეს დებულება ეხება პასუხისმგებლობის ყველა სხვა დებულებას, რომელიც უკავშირდება ჩვენი მხრიდან თქვენთვის ზიანის ანაზღაურებას.
14.1.5. სასამართლოში სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეტანილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 2 წლისა საჰაერო ხომალდის ჩამოსვლის თარიღიდან, ან იმ თარიღიდან, როდესაც თვითმფრინავი უნდა ჩამოსულიყო, ან როდესაც გადაყვანა-გადაზიდვა შეწყდა.
14.1.6. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ზიანზე, რომელიც გამოიწვია ჩვენი მხრიდან სახელმწიფო რეგულაციების შესრულებამ ან გამომდინარეობს თქვენ მიერ თქვენი ვალდებულებების შეუსრულებლობიდან.
14.1.7. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენი პასუხისმგებლობა არ აღემატება დოკუმენტირებული ზიანის ოდენობას. ჩვენ პასუხს ვაგებთ არაპირდაპირი ან ირიბი ზიანისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ჩვენი ან ჩვენი გუნდის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით. ეს წესი არ ეხება პირად დაზიანებას.
14.1.8. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენ მიერ ან თქვენი ბარგით გამოწვეულ ზიანზე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის ან სხვა პირების (მათ შორის, ჩვენი) ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
14.1.9. გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, ეს პირობები და პასუხისმგებლობის დადგომის გამონაკლისები და შეზღუდვები ერთნაირად ვრცელდება ჩვენზე, ჩვენს თანამშრომლებზე, მომსახურე პერსონალზე და უფლებამოსილ წარმომადგენლებზე. ჩვენ მიერ, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ ასანაზღაურებელი ზიანის მთლიანი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ფინანსური პასუხისმგებლობის ჩვენივე ზღვარს, როგორც ეს განსაზღვრულია გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობებით.
14.1.10. კონვენციისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის შემზღუდავი ნორმები მოქმედებს, თუ გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობებით სხვაგვარად არ არის პირდაპირ განსაზღვრული.
პასუხისმგებლობა გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში
14.2. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში არ არსებობს ფინანსური პასუხისმგებლობის ზღვარი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, სადავო გავხადოთ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 128 821 SDR-ს. თუ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნა აღემატება აღნიშნულ ოდენობას, ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია იგი სადავოდ გახადოს და ამტკიცოს, რომ არც ის და არც მისი დაქვემდებარებული პირები დაუდევრობით ან სხვაგვარად ბრალეულად არ მოქცეულან, და გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა ან სხვა ბრალეული უმოქმედობა არ ყოფილა.
ბარგის დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება
14.3.1. გადაყვანა-გადაზიდვის ამ წესებისა და პირობების შესაბამისად რეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ბრალეულობის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ ბარგი გადაზიდვამდე არ იყო დაზიანებული. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში, ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენი და ჩვენი გუნდის ბრალეულ ქმედებებზე.
14.3.2. ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების კომპენსაცია შეიძლება, განისაზღვროს 1 288 SDR-მდე ოდენობით. რეგისტრაციამდე ბარგის დანიშნულების წერტილამდე მიტანასთან დაკავშირებით შესაბამისი ინტერესის გაცხადების შემთხვევაში და დამატებითი თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია, ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმებული თანხა ჩაითვლება, როგორც პასუხისმგებლობის ზღვარი, თუ ავიაგადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ აღნიშნული შეთანხმებული თანხა აღემატება მგზავრისთვის ბარგის ფაქტობრივ ფასეულობას.
14.3.3. თუ თქვენ უპირობოდ მიიღებთ ბარგს, ჩვენ ჩავთვლით, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, რომ ბარგი თქვენ ჩაგბარდათ კარგ მდგომარეობაში და გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. ბარგის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, მგზავრმა დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს კომპენსაცია წერილობით. ბარგის დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი სამართლებრივი საშუალება გამოირიცხება, თუ მგზავრი დაზიანების აღმოჩენიდან დაუყოვნებლივ არ აცნობებს ავიაგადამზიდველს ამის შესახებ; თუმცა, რეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში მგზავრმა ბარგის მიღებიდან უნდა განაცხადოს არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ავიაგადამზიდველი თაღლითურად მოიქცა.
14.3.4. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენს ბარგში არსებული ნივთების დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ჩვენმა უხეშმა გაუფრთხილებლობამ ან განზრახ ქმედებამ გამოიწვია. თუ თქვენმა ნივთებმა სხვა მგზავრების ბარგის დაზიანება გამოიწვია, თქვენ ვალდებულნი ხართ, მათ აუნაზღაუროთ ზიანი და ხარჯები.
მგზავრებისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის დაგვიანება
14.4.1. ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა იმ ზიანისთვის, რომელიც გამოიწვია მგზავრებისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის დაგვიანებამ, თუ ჩვენ და ჩვენმა მომსახურე პერსონალმა არ მიიღო ყველა გონივრული ზომა ზიანის თავიდან ასაცილებლად, ან თუ ამ ზომების მიღება ჩვენთვის ან ჩვენი მომსახურე პერსონალისთვის იყო შეუძლებელი.
14.4.2. მგზავრთა გადაყვანის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება განისაზღვროს 5 346 SDR-მდე.
14.4.3. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება, განისაზღვროს 1 288 SDR-მდე. რეგისტრაციამდე ბარგის დანიშნულების წერტილამდე მიტანასთან დაკავშირებით შესაბამისი ინტერესის გაცხადების შემთხვევაში და დამატებითი თანხის გადახდისას, მგზავრს შეუძლია, ისარგებლოს კომპენსაციის მაღალი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმებული თანხა ჩაითვლება, როგორც პასუხისმგებლობის ზღვარი, თუ ავიაგადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ შეთანხმებული თანხა აღემატება დანიშნულების წერტილამდე ბარგის მიტანასთან დაკავშირებით მგზავრის ინტერესს.
14.4.4. ბარგის გადაზიდვის შეფერხების შედეგად ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, მგზავრი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ავიაგადამზიდველს წერილობით. შეფერხებების შედეგად ზიანის წარმოშობისას, ნებისმიერი სამართლებრივი საშუალება გამოირიცხება, თუ უფლებამოსილი პირი ბარგის მიღებიდან 21 (ოცდაერთი) დღეში არ აცნობებს ავიაგადამზიდველს. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ავიაგადამზიდველი თაღლითურად მოიქცა.
14.4.5. თუ დაზარალებულმა თავად შეიტანა წვილი ზიანის წარმოშობაში, ზიანის ოდენობა შემცირდება აღნიშნული პირის ხელშემწყობი დაუდევარი ქმედების პროპორციულად. დაზარალებული ვალდებულია არ გაზარდოს დაკარგული ან შეფერხებული ბარგის კომპენსაციის ოდენობა არაგონივრული ჩამანაცვლებელი შენაძენებით.
ჭარბი ჯავშნები
14.5.1. თავისუფალი ადგილების განაწილებისას, პრიორიტეტი მიენიჭებათ თანმხლები პირის გარეშე მყოფ ბავშვებსა და ცუდად მყოფ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებს. სხვა შემთხვევაში, მგზავრების თანმიმდევრობა განისაზღვრება მათი მოგზაურობის მიზეზების გათვალისწინებით.
14.5.2. თუ წინასწარ სავარაუდოა, რომ ზოგიერთი მგზავრი უარს იტყვის მოგზაურობაზე, ჩვენ ვეცდებით წინასწარ ვიპოვოთ ასეთი მგზავრები.
გაუქმებები
14.6. ფრენის გაუქმების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ჩვენ ვეცდებით დაგიჯავშნოთ ადგილი ალტერნატიულ ფრენაზე.
მუხლი 15 – ჩარტერის რეგულაციები
15.1. ჩარტერულ ფრენებთან დაკავშირებით, გადაყვანა-გადაზიდვის ეს პირობები მოქმედებს ქვემოთ მოცემული განსხვავებებით.
15.2. ჩვენ მიერ განხორციელებულ ჩარტერულ გადაყვანა-გადაზიდვაზე მოქმედებს შემდეგი პირობები:
ა) ხელშეკრულების პირობები და სხვა შეტყობინებები;
ბ) გადაყვანა-გადაზიდვის ეს პირობები;
გ) კონვენცია;
დ) მოქმედი კანონმდებლობა;
ე) ჩარტერის ხელშეკრულება;
15.3. ჩარტერული ფრენის ორგანიზების, თქვენს გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებულ პირობებზე ინფორმირება თქვენი ტურისტული სააგენტოს ვალდებულებაა. ტურისტული სააგენტო პასუხისმგებელია ყველა ზიანზე, რაც გამოწვია მათი მხრიდან თქვენთვის არასათანადოდ მოწოდებულმა ინფორმაციამ. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტურისტული სააგენტო ნიშნავს ტურ-ოპერატორს ან სხვა ორგანიზატორს.
15.4. თქვენი ფრენა იჯავშნება თქვენი ტურისტული სააგენტოს მიერ, რომელიც უზრუნველგყოფთ ჯავშნის კოდით. ჩარტერული ფრენისას, ხელშეკრულება ფორმდება მგზავრსა და ტურისტულ სააგენტოს შორის და ავიაგადამზიდველი არ არის ამ სამართლებრივი ურთიერთობის მხარე.
15.5. მარშრუტის ცვლილება აკრძალულია. თქვენი ჯავშნის დროის ცვლილების, თქვენი ჯავშნის სხვისთვის გადაცემის ან გაუქმების (მათ შორის, ოჯახის უახლოესი წევრის გარდაცვალების გამო) წესები განისაზღვრება თქვენი ტურისტული სააგენტოსა და ჩვენ შორის დადებული ჩარტერული ხელშეკრულების შესაბამისად.
15.6. დაჯავშნისას თქვენ ვალდებულნი ხართ, ტურისტულ სააგენტოს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის, შემცირებული გადაადგილების უნარების, სერიოზული და გადამდები დაავადების, ან სხვა სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ. გამგზავრების ან ჩამოსვლის დროს თუ თქვენი ფეხმძიმობა 28 კვირას აჭარბებს, თქვენ ეს უნდა აცნობოთ ტურისტულ სააგენტოს და წარუდგინოთ მას სამედიცინო ცნობა. ტურისტული სააგენტო ვალდებულია, მოგვაწოდოს თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტები; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გადაყვანა-გადაზიდვაზე უარის თქმიდან გამოწვეულ ზიანზე მხოლოდ ტურისტული სააგენტო აგებს პასუხს.
15.7. თუ თქვენ გსურთ სპეციალური ბარგის ან პირობებს დაქვემდებარებული ნივთების გადატანა, ამის შესახებ, უნდა აცნობოთ ტურისტულ სააგენტოს. ტურისტული სააგენტო პასუხისმგებელია თქვენი მოთხოვნის ჩვენთვის წარდგენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწვეულ ზიანზე მხოლოდ ტურისტული სააგენტო აგებს პასუხს.
15.8. გადაყვანა-გადაზიდვის ამ წესებისა და პირობების მე-4 მუხლი არ ვრცელდება ჩარტერულ გადაყვანა-გადაზიდვაზე. გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების პირობები ვრცელდება ჩარტერულ ფრენებზე მხოლოდ იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ისინი ეხება ამ ტიპის მომსახურებას.
15.9. მოთხოვნები და საჩივრები (მათ შორის, ბარგთან და ფრენის განრიგის ცვლილებასთან, შეფერხებასთან, გაუქმებასა და მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს ტურისტულ სააგენტოს. ამასთან დაკავშირებით, მოქმედებს ყველა შეზღუდვა, რომელიც განსაზღვრულია გადაყვანა-გადაზიდვის პირობებით.
15.10. ტურისტული სააგენტო პასუხისმგებელია ყველა ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით.
15.11. ნებისმიერი ხარჯი, რაც ჭარბმა ჯავშნებმა გამოიწვია, ანაზღაურდება ტურისტული სააგენტოს მიერ.
15.12. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ ტურისტულ სააგენტოს წერილობითი ფორმით.
მუხლი 16 - დამატებითი პირობები
16.1. თქვენი და თქვენი ბარგის გადაყვანა-გადაზიდვა ექვემდებარება დამატებით გარკვეულ რეგულაციებსა და პირობებს, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე, ან გამოქვეყნებულია ჩვენ მიერ. აღნიშნული რეგულაციები და პირობები შეიძლება, დროდადრო იცვლებოდეს.
16.2. გადაყვანა-გადაზიდვის ამ პირობების სათაურები შერჩეულია მხოლოდ გამჭირვალობისთვის და გავლენას არ ახდენს მათ ინტერპრეტაციისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
16.3. არცერთ სააგენტოს, დასაქმებულს ან ავიაგადამზიდველის წარმომადგენელს არ აქვს უფლება შეცვალოს ამ პირობების რომელიმე დებულება ან უარი თქვას მასზე.
16.4. გადაყვანა-გადაზიდვის ეს პირობები შესრულებულია რამდენიმე ენაზე. ინგლისურ ტექსტსა და არა ინგლისურ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვაგვარად არის განსაზღვრული.
16.5. თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კონვენციით ან მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიული ნორმებით, გადაყვანა-გადაზიდვის ეს პირობები და ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა გადაყვანა-გადაზიდვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა თქვენსა და ჩვენ შორის ექვემდებარება საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას.