ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი აზერბაიჯანის მიმართულებით იწყებს ფრენებს. Georgian Wings-ითბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე პირველ საერთაშორისო რეგულარულ ფრენას 6 სექტემბერს შეასრულებს.
ბაქოს გარდა Georgian Wings-ი რეისების შესრულებას გეგმავს განჯას მიმართულებითაც.
ავიაკომპანიამ თბილისი-ბაქო-თბილისი და თბილისი-განჯა-თბილისის მიმართულებით კვირაში 7-7 სიხშირით რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მიიღო.
Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, პირველ ეტაპზე კვირაში 3 სიხშირით, შეასრულებს.
მგზავრებს, 72 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72-500, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს მოემსახურებათ. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება შეადგენს 89 ევრო (ექვივალენტი ლარში)მოსაკრებლების ჩათვლით, მგზავრობის პროცესში გათვალისწინებულია ბორტზე კვება. ავიაბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან შესაძლებელია Georgian Wings-ის ოფიციალურ ვებგვერდზე Georgianwings.com და ავია სალაროების მეშვეობით.
ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით „აზერბაიჯანის მიმართულება ავიაკომპანიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული მგზავრთა საჰაერო გზით ტრანსპორტირების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. Georgian Wings-ი პირველ საერთაშორისო ფრენებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია 31 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით ასრულებს რეგულარულ, ქვეყნის შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით და ტრანზიტული ფრენის საჭიროების შემთხვევაში, რეისების განრიგი სრულად მორგებულია ბაქო-თბილისი-ბათუმის ან პირიქით მგზავრობას."
აღნიშნული გადაწყვეტილებით ავიაკომპანია ხელს უწყობს და ანვითარებს, როგორც ტრანზიტულ მიმართულებას ქვეყანაში, ასევე მგზავრთა მობილობის გაზრდას.